English / ქართული / русский /
ვასილ ხიზანიშვილი
იტალიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის დეტერმინანტები და დუალიზმის ფენომენი „სასწაულის“ წლებში (1950-63 წწ.)

ანოტაცია.  იტალიის ეკონომიკური  განვითარება უკავშირდება რიგ შიდა და გარე ფაქტორებს. პირველს განეკუთვნება აშშ–იტალიისა და იტალია–დასავლეთ ევროპის ურთიერთობები. აგრეთვე კორეის ომი, ხოლო მეორეს – ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და პროფკავშირული მოძრაობები. ამ დროის მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ რჩება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის არსებული დუალურობის მტკივნეული საკითხი და მისი მოგვარება.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკური სასწაული, ინდუსტრიული და ტერიტორიული დუალიზმი, ვანონის გეგმა, სახელფასო პოლიტიკა. 

შესავალი

ამ პერიოდში იტალიის ეკონომიკა უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა, ვიდრე ოდესმე. ზრდის ტემპი, განსაკუთრებით 1958-63 წლებში იყო ისეთი, რომ ეს ფაზა ცნობილი გახდა „ეკონომიკური სასწაულის“ სახელწოდებით. ეკონომიკურ და სოციალურ ტრანსფორმაციას, რომელიც ამ განვითარებამ მოიტანა, უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია იტალიის პოლიტიკური სისტემის გასაგებად. ერთი მხრივ, იტალია გადაიქცა თანამედროვე ინდუსტრიულ სახელმწიფოდ, მეორე მხრივ, გამწვავდა ეკონომიკისთვის დამახასიათებელი დუალურობა. აღნიშნული ზრდის ეტაპი დაიწყო ქრისტიან-დემოკრატიული პარტიით (იტალ.: Democrazia Cristiana, DC), რომელიც მყარად იმყოფებოდა დომინანტურ პოზიციაზე პოლიტიკური ძალაუფლების ცენტრში და დასრულდა იმით, რომ ამ პარტიას მოუწია მოლაპარაკებათა განახ­ლება/პირობების განხილვა და საკუთარი ალიანსის სისტემისთვის ახალი ფორმის მიცემა, სოციალისტური პარტიისკენ (იტალ.: Partito Socialista Italiano, PSI) მოძრაობით. იგი დაიწყო ნეოლიბერალი ეკონომისტების იდეოლოგიური მეთა­ურობით და დასრულდა მაშინ, როდესაც იტალია აპირებდა წამოეწყო საჯარო სექტორის ერთ-ერთი უდიდესი ექსპანსია თავის ისტორიაში. იგი დაიწყო პროფკავშირებით, მათი ძალაუფლებისა და გავლენის ნულოვანი წერტილიდან და დასრულდა იმით, რომ პროფკავშირები მზად იყვნენ გამხდარიყვნენ იტალიური საზოგადოების ერთ-ერთი ცენტრალური ძალა. პროცესი დაიწყო სოციალისტი და კომუნისტი მემარცხენეების გაერთიანებით, მაგრამ მათი ხელისუფლებაში არ დაშვება დასრულდა მთავრობაში სოციალისტების ყოფნით, თუმცა  მემარცხენეთა გაყოფით.

„ეკონომიკური სასწაულის“ წლებმა არ გადაჭრა იტალიის პრობლემები. რაც მან გააკეთა იყო ის, რომ მკვეთრად შეცვალა ქვეყანა, რათა აეძულებინა პოლიტიკური სისტემა, ხელახლა შექმნილიყო კონსენსუსის ახალ საფუძველზე. იმის გასაგებად, თუ როგორ გაკეთდა ეს და რა პრობლემების ახალი სპექტრი წარმოშვა მან, საჭირო იქნება  შემდგარი ეკონომიკური განვითარების ტიპისა და მისი ფუნდამენტური მახასიათებლების/თავისებურებების განხილვა.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდის ძირითადი თავისებურებები, კერძოდ, მანუფაქტურული (წარმოების/დამუშავებითი მრეწველობის) სექტორის ზრდა, ქვეყნის ინტეგრაცია საერთაშორისო ეკონომიკაში და სწრაფი ურბანიზაციის განვითარება იყო ყველა ინდუსტრიული ქვეყნის ზოგადი მახასიათებელი. იტალიამ, ფაქტობრივად, მონაწილეობა მიიღო ომისშემდგომ ექსპანსიაში, რომელიც დაიწყო კორეის ომით და დასრულდა XX საუკუნის 60-იანი წლების პირველ ნახევარში. იტალიისთვის დამახასიათებელი იყო დუალურობის განგრძობადობა და მისი კიდევ ერთი ამგვარი გამოვლინება – მოხმარების ფორმათა ღრმა დისტორცია.  კერძო მოხმარების მასიური განვითარება (მაგ. საყოფაცხოვრებო საქონელი) არ იყო თანხვედრაში კოლექტიური მოხმარების საქონლისა და მომსახურების ანალოგიურ ზრდასთან, როგორიცაა განათლება, ბინათმშენებლობა/ბინით უზრუნველყოფა, ტრანსპორტი და ჯანდაცვა.

რა თქმა უნდა, საინტერესო იქნებოდა იმის გაგება, თუ რა სახის პოლიტიკას შეეძლო ხელშეწყობა ინდუსტრიული ზრდისთვის, საერთაშორისო ინტეგრაციისა და ურბანიზაციისთვის, ინდუსტრიული და ტერიტორიული დუალიზმის გაძლიერების გარეშე. იმ დროს არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ წარმოადგინა კონკრეტული ეკონომიკური პროგრამა, რომელიც იქნებოდა გაბატონებული მოდელის ავთენტური ალტერნატივა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს პროგრამა არ შეიძლებოდა არსებულიყო, ანდა იმას, რომ ეკონომიკური ზრდის ის ფორმა, რომელიც იტალიამ გამოიარა, ისტორიულად იყო რატომღაც გარდაუვალი. მრავლისმეტყველია თუნდაც ის ფაქტი, რომ არ იყო განსაზღვრული და წარმოდგენილი არავითარი პოლიტიკური კურსი, რომელიც შეეცდებოდა სახელისუფლო პოლიტიკის ამა თუ იმ  ასპექტის შეცვლას. 

თუ ჩვენ იტალიის ეკონომიკურ განვითარებას გავაანალიზებთ ეკონომიკური გადაწყვეტილებების პოლიტიკისგან განცალკევებულად, შევძლებთ ავაგოთ ალტერნატიული სცენარი იმისა, რითაც შეიძლებოდა განვითარებულიყო იტალიის ეკონომიკა. მაგრამ ეკონომიკური გადაწყვეტილებები არასოდეს მიიღება პოლიტიკური ფაქტორებისგან იზოლირებულად. არა მხოლოდ იტალიის მდგომარეობამ აშშ-ს გავლენის სფეროში „აიძულა“ იტალიის ეკონომიკის ინტერნაციონალიზაცია. იტალიის გადაწყვეტილება ასევე დეტერმინირებული იქნა სპეციფიკური გეოგრაფიული მდებარეობით, რაც ამცირებდა წვდომას საექსპორტო ბაზრებზე როგორც ხმელთაშუა ზღვის აუზში, ისე დასავლეთ ევროპაში. ამასთან აქ ისევ ჩაერია პოლიტიკური ფაქტორები: იტალიას არ შეეძლო შუა/ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე შესვლის იმედი ჰქონოდა, რაც მაშინ, ნებისმიერ შემთხვევაში მაინც, ვერ უზრუნველყოფდა ადგილს გაფართოებისთვის. გარდა ამისა, მისი ჩრდილოეთზე ორიენტირებული ინდუსტრიები (სამრეწველო დარგები) ბუნებრივ გასასვლელად ყოველთვის განიხილავდნენ ჩრდილოეთ ევროპის სექტორს. მისი ისტორია დაკავშირებული იყო დასავლური კაპიტალიზმის განვითარებასთან. იტალიაში ძლიერი მემარცხენეობის არსებობა ართულებდა ძალისხმევას ცხოვრების სტანდარტის მუდმივი შეკუმშვის კუთხით. დაბოლოს, იტალიის ეკონომიკის ევროპეიზაცია (როგორც ფაქტორი, რაც იტალიის პოლიტიკური საიმედოობის გარანტი გახდებოდა დასავლეთის ბანაკში) განიხილებოდა ალსიდე დე გასპერის (Alcide De Gasperi) მიერ, რომელიც იყო პრემიერ მინისტრი 1954 წლამდე და რომელიც რობერ შუმანთან (Robert Schuman) და კონრად ადენაუერთან (Konrad Adenauer) ერთად ზოგადად მიიჩნევა ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად. 

* * *

უნდა აღინიშნოს, რომ იტალია დასავლეთ გერმანიასთან და იაპონიასთან ერთად ინაწილებდა გარკვეულ უპირატესობებს, რითაც შეიძლება აიხსნას ის, თუ როგორ შეძლო ომში დამარცხებულმა სამივე ქვეყანამ ამ პერიოდისთვის ზრდის  ტემპებით გადაესწრო ყველა დანარჩენისთვის: სამივე ქვეყანას ჰქონდა უზარმაზარი შრომითი რეზერვები. [1] იაპონიასა და იტალიაში ის წარმოდგენილი იყო სოფლად, დასავლეთ გერმანიის შემთხვევაში ის შედგებოდა, პირველ რიგში, აღმოსავლეთ გერმანიის მუშებისგან, შემდეგ კი უცხოური სამუშაო ძალისგან. სამივე ქვეყანამ შეძლო საკუთარი პროფკავშირული მოძრაობების ჩახშობა ან მართვა. იტალიის შემთხვევაში ეს რეპ­რესია განხორციელდა პროფკავშირული მოძრაობის პოლიტიკურ და რელიგიურ ხაზებად დაყოფით, ანტიკომუნიზმის იარაღად გამოყენებით საწარმოო-შრომით ურთიერთობებში (მაგ.,პროფკავშირების კომუნისტი ხელმძღვანელების/მოღვაწეებისა და წევრების/აქტივისტების დათხოვნა-გათავისუფლებები  ან მათი გადაყვანები ყველაზე მოთხოვნად სამუშაოებსა თუ საწარმოების/ქარხანა-ფაბრიკების დახურულ მონაკვეთებზე) და შიდა მიგრაციის, როგორც დაბალი შრომითი ანაზღაურების ხელშემწყობი მექანიზმის გამოყენებით.

იტალიის განვითარების პერიოდი შეიძლება ორად დაიყოს: პირველ პერიოდი (1950-1958 წწ.), მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა. ფაზა, რომელიც გრძელდება 1950 წლიდან 1957 წლამდე, არის ეკონომიკური გაფართოებისთვის მზადების ეტაპი, და მეორე – 1958–63 წლები, ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდის პერიოდი. 1958-59 წლამდე, იტალიის ეკონომიკა მიჰყვება ამერიკულ ციკლს: როდესაც აშშ-ს ეროვნული შემოსავლის ზრდის ტემპი იზრდება (1955, 1959 წწ.), იტალიის ზრდის ტემპი მიჰყვება ამავე ტენდენციას (ისევე, როგორც იაპონიის, დასავლეთ გერმანიისა და დასავლეთ ევროპის ტემპი); როდესაც  აშშ-ის ტემპი ეცემა, იგივე ემართება ყველა დანარჩენს. 1958–59 წლების შემდეგ აღარ არსებობს კავშირი აშშ-სა და იტალიის ზრდის ტემპებს შორის: მაგალითად, 1959–1961 წლებში აშშ-ში ზრდის ტემპი ნელდება, მაგრამ იტალიაში ის ახალ პიკს  აღწევს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს იტალიური ეკონომიკის ამერიკულისგან ემანსიპაციის ფენომენი ნაწილობრივ იმიტომ, რომ იტალიის სავაჭრო ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან ხდება შედარებით უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ამერიკულ-იტალიური, ასევე ნაწილობრივ მოქმედებს  შიდა ფაქტორები (მაგ., შრომის ხარჯები), რომლებიც გაცილებით წონადია [2].

ამ პერიოდიზაციის დადგენის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ე.წ. „ეკონომიკური სასწაულის“ მიზეზებისა და მასში პოლიტიკური გადაწყვეტილებების წვლილის უფრო დეტალურ განხილვაზე.

ყველაზე ფართოდ გავრცელებული მოსაზრებაა ის, რომ იტალიის ეკონომიკური ზრდა მიღწეული იქნა საგარეო მოთხოვნის წყალობით. თანახმად ამისა, იტალიის განვითარება ძირითადად ექსპორტზე იყო ორიენტირებული. იტალიური საქონლის გაზრდილი კონკურენტუნარიანობა საერთაშორისო ბაზარზე მიღწეული იქნა იმის გამო, რომ იტალიელ მეწარმეებს გააჩნადათ უფრო დაბალი შრომის ხარჯები, ვიდრე მეწარმეებს სხვა ქვეყნებში, რაც ლირას დაბალი ღირებულებით იყო მხარდაჭერილი. იმ პერიოდში უცხოური მოთხოვნა ნამდვილად გაიზარდა და ეს განპირობებული იყო ამერიკის დახმარებით, ამერიკის ზრდის ტემპებით და მათი გავლენით საერთაშორისო მოთხოვნაზე, ასევე ტექნოლოგიურ პროგრესზე, ენერგომატარებლების დაბალ ფასზე (განსაკუთრებით ნავთობზე) და სამომხმარებლო საქონლის მასიური ბაზრის განვითარებაზე. ეს იყო ფაქტორები, რომლებიც, რა თქმა უნდა, საერთო იყო დასავლეთის ყველა ქვეყნისთვის. იტალია აღმოჩნდა ხელსაყრელ მდგომარეობაში, რადგან,  მას შეეძლო გაეკონტროლებინა საკუთარი სახელფასო ფონდი  [3].

ჩვენ უნდა განვიხილოთ იტალიის ეკონომიკური განვითარება, როგორც ექსპორტზე ორიენტირებულის ზოგადი ჰიპოთეზა. ამისთვის  დავეყრდნობით ამ თეზისის ყველაზე უფრო მკაფიოდ არტიკულირებული წარმომადგენლის, ავგუსტო გრაციანის (Augusto Graziani) ნაშრომებს. [4] თუ ისეთ ქვეყანას, როგორიცაა იტალია, სურდა ყოფილიყო აქტიური საერთაშორისო ბაზარზე, მას უნდა ეწარმოებინა ის საქონელი, რომელიც მდიდარ ქვეყნებს სურდათ. ამისათვის მას მოუხდა პრაქტიკულად ნულიდან განევითარებინა კონკურენციის შესაძლებლობები საერთაშორისო დონეზე მასობრივი მოხმარების საქონლის ანუ, მანქანების, მსუბუქი საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ნავთობ-ქიმიური პროდუქციის წარმოებაში. ამ ინდუსტრიების/დარგების ბაზარი განისაზღვრებოდა საერთაშორისო დონეზე. შიდა მოთხოვნა ვერ ითამაშებდა წამყვან როლს, რადგან ის დამოკიდებული იქნებოდა მაღალ ხელფასებზე, ხოლო ხელფასები იტალიაში დაბალი იყო. ამრიგად, იტალიას უნდა განევითარებინა მდიდარი ერის ეკონომიკური სტრუქტურა, ე.ი. ეწარმოებინა იგივე საქონელი, როგორიც მდიდარ ერს, მაგრამ მდიდარი ქვეყნის ცხოვრების სტანდარტის ფლობის გარეშე. ზუსტად ასე გამწვავდა იტალიის ეკონომიკის ინდუსტრიული დუალიზმი: გაიზარდა უფსკრული ექსპორტიორ ფირმებსა და ქვეყნის შიგნით ორიენტირებულ ფირმებს შორის. პროდუქტიულობა საექსპორტო სექტორში იყო მაღალი (რადგან ისინი უცხოური კონკურენციის წინაშე იყვნენ პასუხისმგებელნი), ხოლო შიდა სექტორში – დაბალი. კვების მრეწველობა არსებითად ორიენტირებული იყო ქვეყნის შიგნით, ტექსტილის ინდუსტრია თავდაპირველად ორიენტირებული იყო ქვეყნის შიგნით და მხოლოდ მოგვიანებით შეუერთდა საექსპორტო სექტორს, დანარჩენი ყველა ორიენტირებული იყო ექსპორტზე. იმის გამო, რომ საექსპორტო სექტორში მოგება უფრო მაღალი იყო, თვითდაფინანსება კი უფრო მარტივი, ე.ი., ამ სექტორში მომუშავე ფირმებს შეეძლოთ გაფართოება კრედიტებზე დიდი საჭიროებების გარეშე. ექსპორტიორ სექტორს სჭირდებოდა მაღალი პროდუქტიულობის შენარჩუნება, ამიტომ მისი ყველა ინვესტიცია მიმართული იყო კაპიტალ-ინტენსიური (კაპიტალტევადი) წარმოებისკენ და შესაბამისად, საკმარისი წვლილი არ შეჰქონდა დასაქმების ზრდაში. რაც შეეხება „ჩამორჩენილ” სექტორს, მან ნამდვილად შეუწყო ხელი უმუშევრობის დონის შემცირებას. ამას მოწმობს ის, რომ 1951–1963 წლებში დასაქმება გაიზარდა 100 პროცენტით საცალო ვაჭრობის სექტორში, 84 პროცენტით – სამშენებლო სექტორში, და მხოლოდ 40 პროცენტით – მანუფაქტურულ სექტორში.  

აშკარაა, რომ გრაციანისეული ახსნა-განმარტება საშუალებას გვაძლევს ხელახლა გადავხედოთ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ეკონომიკური სასწაულისთვის“ სწორედ იტალიელი მუშების დაბალი ხელფასი წარმოადგენდა მთავარ იმპულსს.  მართალია, იტალიაში ხელფასები უფრო დაბალი იყო, ვიდრე სხვა მრავალ საერთაშორისო კონკურენტ ქვეყანაში, მაგრამ ის არ იყო ერთნაირად დაბალი. მზარდ სექტორში ხელფასები უფრო მაღალი იყო, ვიდრე ჩამორჩენილ სექტორში, რაც  დუალიზმის კიდევ ერთი ნიმუში იყო, თუმცა გრაციანი მიუთითებს კიდევ ერთ საინტერესო მახასიათებელზე: მზარდი დუალიზმი ფასების სტრუქტურაში იწვევს დისტორციას მოხმარებაში. თუ განვიხილავთ ფასების მთლიანი დონის შიდა სტრუქტურას, აღმოვაჩენთ, რომ  „ჩამორჩენილ“ სექტორში წარმოებული საქონლის ფასები ზრდის უფრო სწრაფი ტენდენციით ხასიათდება, ვიდრე საექსპორტო სექტორში წარმოებული საქონლის შიდა ფასები. ეს არსებითად გამოწვეულია  პროდუქტიულობისა და ეფექტურობის განსხვავებით. მაგრამ როგორია ამ ფასების დუალიზმის შედეგები? გრაციანი აღნიშნავს, რომ ყველაზე უშუალო შედეგი იყო ის, რომ ზოგიერთი ძირითადი საქონელი (როგორიცაა, მაგ., ხორცი) შედარებით უფრო ძვირდებოდა, ვიდრე არასაბაზისო საქონელი (როგორიცაა, მაგ., ტელევიზორი). ამრიგად, გაიზარდა შიდა მოთხოვნა დინამიკურ სექტორში წარმოებულ საქონელზე. ეს ხელს უწყობს (იმ) პარადოქსის ახსნას, რომლის გაგებაც ბევრ ვიზიტორს უჭირს იტალიაში: საშუალო იტალიელს ჰქონდა საკვები, რომელიც უფრო ღარიბული იყო, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყანათა მუშების უმეტესობის, მაგრამ ჰქონდა იგივე სახის საყოფაცხოვრებო საქონელი: ავტომობილი, ტრანზისტორული რადიომიმღები, მტვერსასრუტი, ტელევიზორი და ა.შ. ფასების ეს დისტორცია ხელფასების დისტორციასთან ერთად  ნიშნავდა იმას, რომ  იტალიელი მუშები ითხოვდნენ იმავე საქონელს, რასაც ითხოვდნენ მუშები სხვა ქვეყნებში, ანუ დინამიკურ სექტორში წარმოებულ საქონელს.

ეს თეზისი საკმაოდ კარგად ილუსტრირებს იტალიელი ხალხის რელატიურ ინტეგრაციას მატერიალური ცხოვრების ხარისხში, რომელიც იყო დასავლეთში და ვისთვისაც დამკვიდრებულ პრაქტიკად (ჩამოყალიბებულ მოდელად/დადგენილ წესად) იქცა კერძო მოხმარების ამერიკული ნიმუში. ამის შედეგები ტერიორიული დუალიზმისთვის, რომელიც აწუხებდა იტალიას, შეიძლება მყისიერად შეფასდეს: ჩრდილოეთი თავისი ინდუსტრიებით/დარგებით, მისი მასობრივი მოხმარებითა და მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირებული ეფექტური ექსპორტის სექტორებით, განვითარების ერთ პოლუსს წარმოადგენდა; სხვაგვარი იყო სამხრეთი, რომელიც ამარაგებდა ჩრდილოეთს სამუშაო ძალით და დამოკიდებული იყო დაგროვების არა კერძო (არაპიროვნულ), ანუ სახელმწიფო ფორმებზე, რათა მიეღწია ცხოვრების მსგავსი სტანდარტისთვის. გრაციანის მიერ მოწოდებული ახსნა-განმარტებების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი უბრალოდ ტექნიკური არ არის: ისინი გვთავაზობს ანალიზის სტრუქტურას, რომელთა გამოყენებაც შეიძლება „წმინდა“ ეკონომიკურ ფაქტორებსა და სოციალურ და პოლიტიკურ ფაქტორებს შორის კავშირის დასამყარებლად. თუმცა გრაციანის ექსპორტზე ორიენტირებული თეზისი, მიუხედავად მისი უდავო მიმზიდველობისა, უნდა შეიცვალოს მრავალი მიზეზის გამო. 

უპირველეს ყოვლისა, როგორც დავინახავთ, 1950–57 წლების პერიოდისთვის ექსპორტზე ორიენტირებული თეზისი ვერ იქნება მხარდაჭერილი და შენარჩუნებული. იტალიის ეკონომიკის საერთაშორისო სისტემაში ინტეგრაციას გარკვეული დრო დასჭირდა: ჯერ კიდევ არსებობდა პროტექციონისტული ტარიფები მთელ რიგ საქონელზე და ეს ხელს უწყობდა საექსპორტო ინდუსტრიების/დარგების განვითარებას მაშინ, როდესაც იმპორტის წინააღმდეგ იყო (გაცილებით) დაბალი ბარიერები, რომელიც კონკურენციას უწევდა „ჩამორჩენილ“ სექტორს. 1957 წლის შემდეგ იტალიის ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში (ინგლ.: The European Economic Community, EEC) შესვლით, უცხოური (საგარეო) მოთხოვნა იძენს უმთავრეს მნიშვნელობას, მაგრამ მანამდე მთავარ როლს თამაშობდა შიდა მოთხოვნა. საერთაშორისო მოთხოვნის რეალურბუმი ხორციელდება მხოლოდ 1955 წლის შემდეგ და გარკევეული დროა საჭირო იქამდე, ვიდრე ომისშემდგომი ინვესტიციები ნამდვილად პროდუქტიული გახდება. ასევე გარკევეული დრო გაივლის იქამდე, ვიდრე სუსტ მშრომელთა მოძრაობას ეფექტი ექნება ხელფასების ფარდობით დონეზე, ეფექტი, რაც ძლიერდებოდა პროდუქტიულობის მუდმივი ზრდით. მოსაზრება, რომ ექსპორტი იყო „სასწაულის“ მთავარი მიზეზი, სამართლიანია მხოლოდ 1957 წლის შემდგომ პერიოდისთვის და არა 1950–57 წლებისთვის [5]. 1958 წელს იტალიური ექსპორტის ღირებულება თოთხმეტი საუკეთესო ინდუსტრიული ქვეყნის ექსპორტის მთლიანი ღირებულების 4,7 პროცენტს შეადგენდა, მაგრამ 1963 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 7,3 პროცენტს მიაღწია (იხ. [3], გვ. 407). გარდა ამისა, ექსპორტზე ორიენტირებული თეზისი ასევე მნიშვნელოვნად შესუსტებულია იმ ფაქტით, რომ იტალიის საგადამხდელო ბალანსი მიმდინარე ანგარიშით (ე.ი., საქონელი და მომსახურება) დააფიქსირებდა დიდ დეფიციტს 1953–57 წლების განმავლობაში, რომ არ ყოფილიყო ორი ურთიერთდაკავშირებული პუნქტი, რომლებიც არ უკავშირდებოდა იტალიური ფირმების საექსპორტო შესაძლებლობებს: შემოსავალი ტურიზმიდან და შემოსავალი იმ ფულიდან, რომელსაც საზღვარგარეთ მომუშავე იტალიელები აგზავნიდნენ სამშობლოში. მიუხედავად ამისა, 1953-57 წლებში იტალია განიცდიდა 85 მილიონ დოლარზე მეტ საშუალო წლიურ დეფიციტს, მაგრამ ეს იქნებოდა 373 მილიონი დოლარის წლიური დეფიციტი, რომ არა უცხოელი ტურისტები და იტალიელი ემიგრანტები. 1958-63 წლებში, საშუალო წლიური პროფიციტი $ 258 მილიონს  შეადგენდა, მაგრამ ეს იქნებოდა საშუალოდ $ 565 მილიონის დეფიციტი, ტურისტებისა და ემიგრანტების გარეშე (იხ. [2], გვ. 202). ამგვარად, შეიძლება დავინახოთ, რომ იტალიური მრეწველობის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად,  ეკონომიკა მთლიანობაში მნიშვნელოვან სარგებელს იღებდა ორი „ინდუსტრიიდან“/„დარგიდან“–ტურიზმიდან და შრომის/სამუშაო ძალის ექსპორტიდან, რაც უფრო მეტად დამახასიათებელია დაბალგანვითრებული ქვეყნისთვის, ვიდრე თანამედროვე, განვითარებული ინდუსტრიული ქვეყნისთვის. ამ შენიშვნების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ილუსტრირებს იტალიის განვითარების ერთ-ერთ მთავარ თავისებურებას: მნიშვნელოვანწილად ის ეფუძნებოდა ქვეყნის სუსტად განვითარებულ მახასიათებლებს. ეს მახასიათებლები არ წარმოადგენდა დაბრკოლებას განვითარებისთვის, არამედ, პირიქით, იყო იტალიის ეკონომიკური ზრდის პირობების ნაწილი (იმ სახით), როგორც ეს სინამდვილეში მოხდა.

ბევრად უფრო „განუვითარებლობის“/„ჩამორჩენილობის“ მახასიათებელი, რომელიც ემსახურებოდა განვითარების საჭიროებას, იყო იტალიაში არსებული ხელფასების დაბალი დონე. ხელფასების ეს დაბალი დონე ნაწილობრივ განპირობებული იყო 1950-იან წლებში არსებული ფართომასშტაბიანი უმუშევრობით,  თავისუფალი მუშახელის სასოფლო-სამეურნეო სარეზერვო არმიით,  და შესაბამისად, პროფკავშირული მოძ­ რაობის სისუსტით. ამ სიტუაციას იგივე ეფექტი ჰქონდა, რაც ექნებოდა „შემოსავლების პოლიტიკას“. სინამდვილეში, მხოლოდ XX საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც ხელფასმა იტალიაში მიაღწია ევროპულ დონეს, იტალიელმა გადაწყვეტილების მიმღებებმა დაიწყეს მსჯელობა საშემოსავლო პოლიტიკის დანერგვის/შემოღების შესაძლებლობის შესახებ. ამრიგად, ხელფასების დონეზე ჩარევის შემდგომი მცდელობა 60-იან წლებში არ არის განპირობებული ინტერვენციონიზმის პრინციპებზე უეცარი კონვერსიით, არამედ (უფრო) იმ ფაქტით, რომ არსებული „შემოსავ­ლების/საშემოსავლო პოლიტიკა“ განისაზღვრებოდა ირიბი ფაქტორებით. რეალური ხელფასები რჩებოდა სტაგნატი 1950-1954 წლებში და 1956-1961 წლებში. უმუშევრობა, რომელიც 1950 წელს იყო 7.8 პროცენტი, 1960 წლისთვის შემცირდა მხოლოდ 7.3 პროცენტამდე მაშინ, როდესაც დანარჩენ ევროპაში საშუალო უმუშევრობა მხოლოდ 1.9 პროცენტს შეადგენდა და ეს 1.7 მილიონი იტალიელის ემიგრაციის მიუხედავად (იხ. [3], გვ. 407). რა თქმა უნდა, დაბალი ხელფასები თავისთავად არ ხსნის იტალიური ექსპორტის კონკურენტუნარიანობას, რომ აღარაფერი ვთქვათ იტალიის ეკონომიკურ ზრდაზე. ეს ასე რომ ყოფილიყო, ჩვენ ვერ შევძლებდით აგვეხსნა, რატომ ვერ მიჰყვებიან იტალიის მაგალითს დაბალგანვითარებული ქვეყნები, რომლებსაც აშკარად შეეძლოთ დაყრდნობოდნენ იაფ მუშახელს. იტალიასა და ზოგადად, დაბალგანვითარებელ ქვეყნებს შორის მრავალი განსხვავებიდან ერთ-ერთ ყველაზე არსებითს შრომის სფეროში წარმოადგენს ის ფაქტი, რომ სამხრეთ იტალიელი გლეხის ზოგადი კულტურული დონე, როგორი დაბალიც არ უნდა ჩანდეს ზოგიერთისთვის, უკვე სტრუქტურირებულია ეთიკითა და ტექნოლოგიური სამყაროს „მენტალიტეტით“ („აზროვნების უნარით“).  სწორედ ამ „კულტურულმა“ ასპექტმა გახადა შესაძლებელი რამდენიმე კვირაში სამხრეთელი გლეხის ტრანსფორმაცია მაღალპროდუქტიულ, საამწყობო კონვეირის (საამწყობო ხაზის) პროლეტარად, მაშინ როცა ასეთი ტრანსფორმაცია, მსგავს დროით სივრცეში წარმოუდგენელია დაბალგანვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში [6]. ეს კულტურული ადაპტაცია ასევე ნიშნავს, რომ კავშირი ქალაქებსა და სოფლებს შორის არ არის დარღვეული, რაც ხშირად ხდება  დაბალგანვითარებულ ქვეყნებში.

დაბალი ხელფასის ეკონომიკა დიდწილად განპირობებული იყო იაფი მუშახელის მიწოდების არსებობით სამხრეთში, მაგრამ ამ მიწოდებას არ ჰქონია „ბუნებრივი“ მიზეზები; ის პოლიტიკურად იყო შეპირობებული. ამ პოლიტიკური ინტერვენციის ერთ-ერთ მახასიათებელს წარმოადგენდა 1950 წლის აგრარული რეფორმა, რომელიც გამოწვეული იყო XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს აგრარული აჯანყებით. აგრარული რეფორმა გამოცხადდა 1950 წელს, როდესაც მთავრობამ გადაწყვიტა კალაბრიაში (Calabria) 40.000 ჰექტარი მიწის დისტრიბუცია. მოგვიანებით სხვა კანონმა გადაანაწილა მიწა ყველა ლატიფუნდიის რაიონში და კიდევ ერთმა კანონმა შექმნა ფონდი სამხრეთის აღორძინებისთვის, სახელწოდებით Cassa per il Mezzogiorno. აგრარული რეფორმა შესაძლებელია მრავალი თვალსაზრისით იქნეს გაკრიტიკებული: მისი გამოყენება ნაწილობრივი იყო, რადგან ის მოიცავდა ლატიფუნდიების რაიონებში მხოლოდ დაუმუშავებელ მიწებს. სამართლიანობისთვის აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ექსპროპრირებულებს მაღალი კომპენსაცია გადაუხადეს. როგორც პ. ა. ალუმი (P. A. Allum) წერდა: „... ეს იყო პოლიტიკური ოპერაცია აგროქალაქების სოფლის პროლეტარიატის ნაწილის გლეხ მესაკუთრეებად გადაქცევის მიზნით [და იმ მოლოდინით], რომ ის მათ აქცევდა status quo (სტატუს კვოს) დამცველებად. ამავდროულად, მას უნდა უზრუნველეყო მათი კონტროლის მექანიზმები; მიწის სააგენტოებს [ე.ი. Cassa, DS] უნდა განეხორციელებინა ახალი სახის პატრონაჟი“[7].

Cassa-მ არ განავითარა სამხრეთი. სინამდვილეში ის ამას არ ითვალისწინებდა. რაც მან გააკეთა იყო ის, რომ 50-იან წლებში მოამზადა პოტენციური შრომითი რეზერვი მისი ინტერვენციის უფლებამოსილების გამოყენებით, უმთავრესად იმის სასარგებლოდ, რომ მან განსაზღვრა (გამოყო/გამოარჩია) „სიცოცხლისუნარიანი“ მეურნეობები/ფერმები. მან გააფართოვა ბაზარი ჩრდილოეთის ინდუსტრიისთვის სამხრეთის შემოსავლების გაზრდით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამის მეშვეობით დააფუძნა ახალი კლიენტურული სისტემა მთავრობის წამყვანი პარტიისთვის, DC-სთვის(იხ. [2], გვ. 236). პირველ ხუთ წელიწადში (1950-55) Cassa-მ შექმნა ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობის სასარგებლოდ (მაგ., მიწის მელიორაციის პროექტები, სუბსიდიები აგრარული რეფორმისთვის). შემდგომმა ხუთმა წელმა გზა გაუხსნა პოლიტიკის ცვლილებას, რამაც გამოიწვია სამხრეთის ინდუსტრიალიზაციის მცდელობა (60-იან წლებში) (იხ. [2], გვ. 238). ასე რომ, მთელი  50-იანი წლების განმავლობაში სამხრეთი არ მიიჩნეოდა ინდუსტრიალიზაციის არეალად (ადგილი/მხარე).

სამხრეთის არაინდუსტრიალიზაციის პოლიტიკური მიზეზები დამოკიდებული იყო იმ ვარაუდზე/დაშვებაზე, რომ მიწის მესაკუთრე გლეხები უფრო კონსერვატორები იყვნენ, ვიდრე პროლეტარები.  ამიტომ საჭირო იყო მათი მიწაზე დამაგრება და ქარხნებს მიღმა ყოფნა. თუმცა ასეთი შეხედულება გარკვეულ ზღვრამდე მიყვანის შემთხვევაში, დამღუპველი აღმოჩნდებოდა ჩრდილოეთის ინდუსტრიისთვის, რომელიც იძულებული გახდებოდა სუბსიდირება გაეწია არაეფექტური სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის და რომელიც მოკლებული იქნებოდა პოტენციურ სამუშაო ძალას.

მთავრობას უნდა შეესრულებინა დელიკატური დაბალანსების აქტი: ბოლოს და ბოლოს, აგრარული რეფორმა ხომ ჩაფიქრებული იყო, როგორც კონსენსუსის მიღწევის ოპერაცია. ამგვარად, მთავრობა იცავდა მხოლოდ მანამდე არსებულ კაპიტალისტურ მეურნეობებს/ფერმებს და ექსპროპრირებული მემამულეებისა და მეწარმე ფერმერების მიერ შექმნილ მეურნეობებს/ფერმებს. ღარიბმა გლეხობამ, დარჩენილმა ძალიან მცირე მიწის ნაკვეთზე, ხელი შეუწყო იტალიის ეკონომიკის აღმავლობას 1958-63 წლებში მასიური შიდა მიგრაციით. ამგვარად, სამთავრობო პოლიტიკა იცავდა სამხრეთის მოსახლეობის ნაწილს და მეტ-ნაკლებად აიძულა დანარჩენები, ეცხოვრათ უმიწოდ. საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამების სტრატეგია, რომელიც იყო Cassa-ს და სხვა სახელმწიფო უწყებების ხელში, მიზნად ისახავდა ინფრასტრუქტურის კონსოლიდაციას, სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერებასა და ტურიზმის განვითარებას. ეს იყო ეკონომიკური საფუძველი ინტერესთა ახალი კოალიციისთვის სამხრეთში. სახელმწიფოს ჩარევა შეიძლება მიღებული ყოფილიყო ჩრდილოეთის მიერ, რამდენადაც მან განავითარა ბაზარი სამხრეთში ჩრდილოეთის პროდუქციისთვის, სამხრეთის ინდუსტრიის კონკურენტუნა­რიანობის გაზრდის გარეშე. მან სამხრეთის ინტერესების (დამცველთა) კეთილგანწყობა მოიპოვა, რადგან ხელი შეუწყო სამშენებლო ინდუსტრიის გაფართოებას და მცირე გლეხური მეურნეობების ფართო ქსელის განვითარებას.

როდესაც მოხდა დიდი შიდა მიგრაცია, უნდა შემცირებულიყო ფართო საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა, რომელიც განხორციელდა მოსახლეობის რიცხოვნების წინა დონის საფუძველზე. გარდა ამისა, მოსახლეობა, რომელიც არ ემიგრირდა ჩრდილოეთში, გადასახლდა ზღვის სანაპირო ზოლზე, რადგან იქ მეტი სამუშაო იყო, იქნებოდა ეს ტურისტულ სექტორში, საცალო ვაჭრობის სექტორსა თუ მცირე წარმოების სექტორში. ამრიგად, სახელმწიფოს მთავარი ამოცანა მდგომარეობდა კერძო ინდუსტრიისთვის ინფრასტრუქტურის შექმნაში. ის ჯერ არ მოქმედებდა სამხრეთში როგორც მეწარმე, მაგრამ ხელს უწყობდა მრავალი მცირე ფირმის განვითარებას. 1961 წელს სამხრეთის ინდუსტრიებში დასაქმებულთა 60 პროცენტი მუშაობდა ფირმებში, სადაც ათზე ნაკლები ადამიანი იყო დასაქმებული.

ამგვარად, სამხრეთში გაზრდილი მცირე საწარმოთა ეს ქსელი მჭიდროდ იყო დაკავშირებული სახელმწიფო ხარჯების სისტემასთან და, შესაბამისად, ვალში იყო ადგილობრივი და ეროვნული პოლიტიკური ინტერესების წინაშე. სამხრეთში მთავრობის მოქმედება ჩრდილოეთს უფრო მეტად დაეხმარა, ვიდრე თავად სამხრეთს. ინფრასტრუქტურაზე დახარჯული თანხები, მაგ., საავტომობილო გზები, დაეხმარა ჩრდილოეთის მრეწველობას/ჩრდილოეთის სამრეწველო დარგებს როგორც უშუალოდ, ისევე იმგვარად, რომ ამან ბიძგი მისცა მოთხოვნას წარმოებულ პროდუქციაზე (მაგ. ავტომობილებზე). გარდა ამისა, სამხრეთის მუშახელის შემოსვლა-ჩართვამ საჯარო სამუშაოების სისტემაში, სამშენებლო ინდუსტრიებში დასაქმების არასტაბილური ბუნების გამო, სამხრეთის სამუშაო ძალა მარგინალიზებულ და მოწყვლად მდგომარეობაში ჩააყენა. ისინი, ვინც ტოვებდნენ საკუთარ მიწა-წყალს Cassa-ს ერთ-ერთ პროექტში მუშაობის გამო, ვერ ბრუნდებოდნენ უკან, როდესაც პროექტები სრულდებოდა: მათ უნდა ემოძრავათ უფრო ჩრდილოეთით. საბოლოოდ, სახელმწიფო ხარჯების პროგრამამ ხელი შეუწყო ჩრდილოეთის მრეწველობის პროდუქციაზე შიდა მოთხოვნის შენარჩუნებას [8].

ამრიგად, სამხრეთში სახელმწიფოს ჩარევის ეს ფორმა, ისევე როგორც წინა 100 წლის განმავლობაში, ექვემდებარებოდა მმართველი ინდუსტრიულ-ეკონომიკური ჯგუფების ინტერესებს. როგორც აგრარულმა რეფორმამ ისე Cassa-ს საჯარო სამუშაოების პროგრამამ ხელი შეუწყო ლატიფუნდიის სისტემის დასრულებას, მცირე მასშტაბის გლეხობის დაბადებას და, შესაბამისად, სოფლის დატოვების ახალ შესაძლებლობებს [9]. 

სახელმწიფოს ჩარევის ერთობლივი შედეგები მიუთითებდა სოფლის მეურნეობის წარმოების მნიშვნელობის მუდმივ კლებაზე. მიუხედავად იმისა, რომ 1951-1967 წლების პერიოდისთვის სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობა 44 პროცენტით გაიზარდა, მისი წილი ეროვნული შემოსავლში მუდმივად მცირდებოდა: 1951 წელს – 20-21 პროცენტამდე, 1967 წელს – 13-14 პროცენტამდე. ამ კლებას თან ახლდა სოფლის მეურნეობის მუშაკთა უპრეცედენტო ემიგრაცია: 25 მილიონი 1951-1967 წლებში. 1963 წლისთვის იტალია თვითკმარი იყო მხოლოდ სამი ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით: ბრინჯი, ხილ-ბოსტნეული, და ღვინო. იგი აწარმოებდა ნაკლებ მარცვლეულს, ვიდრე საფრანგეთი და დასავლეთ გერმანია, ისევე როგორც ნაკლებ ხორცს, რძესა და შაქარს [10]. ამგვარად, სოფლის მეურნეობის შესუსტება და მისი ღირებულება საგადასახდელო ბალანსის თვალსაზრისით იყო მთავრობის დაბალი სახელფასო პოლიტიკის ანალოგი.

სახელმწიფოს როლი დაბალი ხელფასის სისტემის განსაზღვრაში საშუალებას აძლევდა იტალიელ მეწარმეებს ესარგებლათ კონკურენტული უპირატესობით მათ უცხოელ კონკურენტებთან მიმართებით. მიუხედავად ამისა, დაბალი ხელფასები არ წარმოადგენდა ექსპორტის ზრდის ერთადერთ ელემენტს. ეს არ იყო იტალიის ეკონომიკური განვითარების ერთადერთი მიზეზი.

სხვა მიზეზების დადგენა შესაძლებელია ეროვნული შემოსავლების სტატისტიკური მონაცემების დეზაგრეგაციით (იხ. [5], გვ. 104). რიცხვები აჩვენებს, რომ 1951-1961 წლებში ეროვნული შემოსავალი გაიზარდა 78.3 პროცენტით, ხოლო მოხმარება –მხოლოდ 59.8 პროცენტით. ამდენად, მოხმარების ზრდით არ შეიძლება აიხსნას ეროვნული შემოსავლის ზრდა. უნდა იყოს სხვა ფაქტორები, კერძოდ, სახელმწიფო ხარჯები, ექსპორტი და ერთობლივი ინვესტიციები. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ექსპორტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მხოლოდ 1957-58 წლების შემდეგ. რაც შეეხება ინვესტიციებს, რომლებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა (138.6%) 1951-1961 წლებში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კერძო, მოგებაზე ორიენტირებული ინვესტიციები გამოწვეულია მოთხოვნის ზრდით ან, სულ მცირე, მოთხოვნის მოსალოდნელი ზრდით. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ შეიძლება იყოს კლასიფიცირებული, როგორც ზრდის ძირითადი მიზეზი, არამედ, როგორც ეროვნული შემოსავლის ზრდის შედეგი.

მაშ, რამ გამოიწვია მოთხოვნის ზრდა? გარდა საგარეო მოთხოვნისა (რაც იწვევს ექსპორტის წარმოქმნას) შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ სახელმწიფო ხარჯები და სახელმწიფო ინვესტიციები და, რამდენადაც სახელმწიფო ხარჯები არ გაზრდილა ეროვნულ შემოსავალზე უფრო მეტად (ანუ სახელმწიფო ხარჯები განათლებაზე, ჯანდაცვაზე, შეიარაღებულ ძალებზე, პოლიციასა და ა.შ.), ცენტრალური როლი უნდა ეთამაშა სახელმწიფო ფიქსირებულ ინვესტიციებს, მაგ., სოფლის მეურნეობაში, ბინათმშენებლობასა  და ტრანსპორტში ინვესტიციების ზრდის ტემპი იყო განსაცვიფ­რებელი  – 184 პროცენტი. 

დასკვნა

ამრიგად, ეკონომიკური სასწაული დიდწილად განპირობებული იყო სახელმწიფოს აქტივობით და არა კერძო მეწარმეებთან კონკურენციით,  როგორც მათი ზრდის მთავარი ელემენტით. ნეოლიბერალური აზროვნების გავლენა ჯერ კიდევ შეინიშნებოდა ეკონომიკის მონეტარულ/ფულად-საკრედიტო მენეჯმენტსა და იტალიის ბანკში, მაგრამ არსებითად პოლიტიკური მიზეზების გამო, DC-ს არ შეეძლო მოქცეულიყო ტრადიციული, ეკონომიკაში არჩაურევლობის, ანუ laissez-faire პოლიტიკური პარტიის მსგავსად. მას უნდა გამოეყენებინა, თუმცა უხალისოდ, მაკროეკონომიკური ინტერვენციის კეინზიანური პოლიტიკა. თავის მხრივ, ეს არ იყო დეტერმინირებული რაიმე ვალდებულებით/ერთგულებით კონკრეტული ეკონომიკური სკოლის მიმართ, არამედ მყარი თანხმობის დამყარების აუცილებლობით არა მხოლოდ კერძო სექტორთან, არამედ მოსახლეობის დიდ ნაწილთან დაკავშირებითაც. ანტიკომუნიზმი და რელიგიური პიეტიზმი ვერ იქნებოდა ერთადერთი შემადუღაბებელი ხელისუფლების ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების ბლოკისთვის, რომელსაც ქრისტიან-დემოკრატიული პარტია აყალიბებდა იტალიაში, რაც მდგომარეობდა სამუშაო ადგილების შექმნაში ყველა სოფელსა და ქალაქში. ამავდროულად, სახელმწიფო ინტერვენციას არ მოჰყოლია გეგმა ინდიკატური დაგეგმვის ფრანგული მოდელის მიხედვით. სახელმწიფო ერეოდა მასიურად, თუმცა გეგმის გარეშე. ინტერვენცია ჩაფიქრებული იყო, როგორც სოციალური კონტროლის/საზოგადოებრივი ზედამხედველობის ინსტრუმენტი, როგორც იტალიის კომუნისტური პარტიის (იტალ.: Il Partito Comunista Italiano, PCI) ზრდის პრევენციის საშუალება, როგორც DC-ის ელექტორალური ბაზის უზრუნველყოფისა და  კერძო მეწარმეობის ზრდისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფის საშუალება. ამ ახალი პოლიტიკური ძალაუფლების ბლოკის ჩამოყალიბებისას მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს ჩართულობა. 

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა რეალური გეგმა, დაგეგმვის კონცეფცია, როგორც ასეთი, პროგრესირებდა. ჯერ კიდევ XX ს. 50-იანი წლების დასაწყისში აღიარეს, რომ იტალიური სისტემის სპონტანური ევოლუცია ვერ გადაჭრიდა დუალიზმს ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. სწორედ ამ კონტექსტში შეძლო DC-ის მემარცხენე ფრთამ 1954 წელს მოემზადებინა ვანონის გეგმა (იტალ.:Il Piano Vanoni; ფინანსთა და ბიუჯეტის მინისტრი ეციო ვანონი/Ezio Vanoni, რომლის ეგიდითაც მომზადდა გეგმა). გეგმის ნაცვლად, ეს იყო დოკუმენტი, რომელიც ადგენდა სამ მთავარ მიზანს მომდევნო ათი წლისთვის [11]:

1. ოთხი მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა არასასოფლო-სამეურნეო სექტორში;

2. ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შემოსავლებში სხვაობის შემცირება, თუ არა აშკარა აღმოფხვრა;

3. წონასწორობა საგადამხდელო ბალანსში.

ამ მიზნების მისაღწევად, ეკონომიკა წელიწადში მინიმუმ 5 პროცენტით უნდა გაზრდილიყო. ფაქტობრივად, ეკონომიკა გაიზარდა 5 პროცენტზე ოდნავ მეტი ტემპით და საგადამხდელო ბალანსი წონასწორობაში მოვიდა 1958 წლის შემდეგ,  თუმცა არასასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმება გაიზარდა მხოლოდ 2,6 მილიონი ერთეულით და სხვაობა ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის კვლავინდებურად დიდი იყო: სამხრეთის შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე იყო 62.7 პროცენტი 1951 წელს და 62 პროცენტი 1963 წელს.

სახელმწიფოს ინტერვენციებმა Istituto per la Ricostruzione Industriale (IRI)-თა და Ente Nazionale Idrocarburi-ით  (ENI;  ნახშირწყალბადების სახელმწიფო კომპანია) და ყველა დამცავი ტარიფის გაუქმებამ 1957 წელს, რაც დამთავრდა იტალიის EEC-ში შესვლით, დამგეგმავებზე გაცილებით მეტი ეფექტი იქონია. ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის განსხავების აღმოსაფხვრელად საჭირო იყო იმაზე მეტი, ვიდრე ვანონის გეგმის კეთილი განზრახვები: კერძოდ, სამხრეთის შემოსავლების ზრდის ტემპი ორჯერ მეტი უნდა ყოფილიყო ჩრდილოეთის შემოსავლების ზრდის ტემპზე (ანუ, 8%-ის 4%-თან თანაფარდობით). ამ მიზნის მისაღწევად, მთლიანი ინვესტიციის მოცულობა ჩრილოეთთან შედარებით სამხრეთში ორჯერ უნდა გაზრდილიყო, რასაც მოჰყვებოდა სამხრეთის ყველაზე სწრაფი და ინტენსიური ინდუსტრიალიზაცია. მხოლოდ მიზანმართულ ეკონომიკას შეეძლო ამის მიღწევა 50-იანი წლების იტალიაში. ვანონის გეგმის ამბიციური მიზნების მიღწევა მხოლოდ განვითარების სხვა მოდელით იყო შესაძლებელი, მაგრამ ამას სულ სხვა პოლიტიკური სტრუქტურის არსებობა დასჭირდებოდა. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. Salvati, Michele (1973) ‘L’inflazione italiana nel contesto interbazionale’, Quaderni Piacentini,N. 50, Luglio.

2. D’Antonio, Mariano (1973) Sviluppo e crisi del capitalismo italiano 1951-1972, De Donato, Bari.p. 12-14.

3. Castronovo, Valerio (1975) La storia Economica Storia d’italia, vol. IV, parte I, Einaudi, Torino.

4. Graziani, Augusto et al. (1969) Lo sviluppo di una economia aperta, ESI, Napoli.; Kindlerberger , Charles (1964) Economic Development, McGraw-Hill, New York.; Stern R.M. (1967) Foreign Trade and Economic Growth in Italy, Praeger, New York.

5. Salvati, Michele (1977) ‘Il mercato del lavoro in Italia’ in AA.VV. Lezioni di economia. Aspetti e problem dello sviluppo economico italiano e dell’attuale crisi internazionale, Feltrinelli, Milano.p. 103.

6. De Cecco, Marcello (1971) ‘Lo sviluppo dell’economia italiana e la sua collocazione internazionale’, Rivista Internazionale di Scienze Economiche e Commerciali, Ott. p. 982

7. Allum, P.A. (1972) ‘The South and national politics, 1945-1950’, in S. J. Wolf (Ed.) The Rebrith of Italy, 1943-50, Longman, London. p. 118-19.

8. Fabiani, Guido (1977), ‘Agricoltura e mezzogiorno’, in AA.VV. Lezioni di economia. Aspetti e problemi dello sviluppo economico italiano e dell’attuale crisi internazionale, Feltrinelli, Milano.p. 158.

9. D’Antonio, Mariano (1977) ‘Questioni di politica economica: l’esperienza italiana’, in AA.VV. Lezioni di economia. Aspetti a problemi dello sviluppo economico italiano e dell’attuale crisi internazionale, Feltrenelli, Milano.p. 49-50.

10. Coda-Nunziante, G. and De Nigris, M. (1970) ‘Projections for food and agricultural products to 1972 and 1975’, in A. M. M. McFarquhar (Ed.) Europe’s Future Food and Agriculture, Amsterdam. p. 2000-5.

11. Valli, Vittorio (1979) L’economia e la politica economica italiana (1945-1979), Etas Libri, Milano.p. 110